Monday, 28 October 2013

Opus N7

                                                                                                 ნუცა კობაიძე 

რუსთაველის დიდ სცენაზე 23,24 ოქტომბერს, ფესტივალი „საჩუქარის“ ფარგლებში, ჩატარდა დიმიტრი კრიმოვის სპექტაკლი „ოპუსი N7”. სამწუხაროდ ბევრს არ მიეცა მისი ნახვის საშუალება, რადგან რაოდენობა შეზღუდული იყო.
I მოქმედება - დავიწყებული წინაპრების ჩრდილები,  ხოლო II - შოსტაკოვიჩი; ასე გაყო კრიმოვმა სპექტაკლი. პირველ ნაწილში ნაჩვენებია მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის მიერ განადგურებული ებრაელები, მათი ოცნებები და აუხდენელი სურვილები. რაც შეეხება მეორე ნაწილს, აქ წარმოდგენილია რუსეთის ტირანული იმპერია, რომელმაც მოსპო და გაანადგურა კულტურა.
სახეები და ფიგურები, ძველი ფოტოებიდან, პროეცირდება თეთრ კარდონის კედელზე, ასევე ამ კედელზე იხატება ებრაელი სასულიერო პირები, მისი მეშვეობით ატარებს დაკვირვებას ეკრანზე გამოსახული გერმანელი ოფიცერი, სწორედ ამ თეთრ კედელზე კიდია კოსტიუმები, რომლებიც ცოცხლდებიან. აქ ცოცხლებსა და მიცვალებულებს შორის გამყოფი მხოლოდ თხელი კედელია. ამ კედლიდან გადმოდის რამდენიმე მსახიობი, ნანგრევიდან კი ამოვარდება ქარიშხალი, რომელიც გაავსებს მაყურებელს ფურცლების ნაფლეთებით, რაზეც ასახულია ადამიანების ბედი და ისტორია.
ეტლი, რომელსაც გერმანელი ოფიცერი ფეხის მირტყმით ეკრანიდან სცენაზე აგორებს, სავსეა ბავშვების ფეხსაცმელებით, პარალელურად იყრება უამრავი ფეხსაცმელი, რომლებსაც ახარისხებენ მსახიობები, ამ დროს ერთ-ერთ პერსონაჟს ეწყება მშობიარობა, ცოტა ხანში ის სცენაზე დგას ნაჭერში გახვეული ჩვილით ხელში, და უცბათ ვხედავთ, რომ ბავშვის ნაცვლად ფეხსაცმლის შეკვრა უჭირავს ხელში - რეჟისორის სათქმელი ნათელია, ყველა განწირულია სასიკვდილოდ, ახალშობილიც კი. გასროლის ხმაზე ებრაელები ქრებიან და რჩება ცარიელი სურათები.
მეორე მოქმედება პირველისგან განსხვავებით უფრო სენტიმენტალურია, არცაა გასაკვირი, აქ ხომ უკვე რეჟისორის სამშობლოს პრობლემაა. მსახიობები ნაჭერში ახვევენ პირველი მოქმედების რეკვიზიტებს და გააქვთ სცენიდან. მაღალ ხის როიალს მიშტერებული საზოგადოება ვერ ამჩნევს მის ზურგს უკან, როგორ წამოიმართება უზარმაზარი გაბერილი თოჯინა, რომელიც წარმოადგენს რუსეთს - დედა სამშობლოს; მას თან მოყავს ბევრ ტანსაცმელში გახვეული მსახიობი (ანა სინიაკინა), რომელიც იხდის, იცვამს ფრაკს, იკეთებს სათვალეს და ხდება, უდიდესი კომპოზიტორი, შოსტაკოვიჩი.
ვალსის ფონზე (Dimitri Shostakovich Waltz No.2) მსახიობები ცეკვავენ ცნობილი ადამიანების პორტრეტებით ხელში, რომელიც შეიწირა იმდროინდელმა რეპრესიებმა. ამ დროს დედა სამშობლო (უზარმაზარი თოჯინა) იღებს იარაღს და ესვრის სათითაოდ ყველა სურათს, გარდა შოსტაკოვიჩისა. ამ სურათებში არის ანა ახმატოვაც, რომელიც ეტრფოდა შოსტაკოვიჩის მეშვიდე სიმფონიას, სწორედ მან მოახერხა ამ სიმფონიის ეგზემპლიარის გამოტანა ალყაშემორტყმული ლენინგრადიდან. სიმფონიის ფონზე, სცენის სიღრმიდან გამოდის გველივით დაკლაკნული გრძელი ხელი, რომელიც ეხვევა კომპოზიტორს და თითქოს მის დახრჩობას ლამობს, შემდგომ კი როგორც ხანჯალს ისე, გაუყრიან მკერდში ლენინის ორდენს. ამავე მუსიკის ფონზე, მკვდარი თოჯინა ნელ-ნელა ცოცხლდება და მტკივნეულად ასრულებს აკრობატულ ილეთებს - მიძვრება ჭაღზე და ცდილობს გამორთოს რადიომიმღების სადენი, რომელიც გადმოსცემს ამ კომპოზიციას. ცხადი ხდება თუ რატომ უწოდებდა შოსტაკოვიჩი VII სიმფონიას ავტოპორტრეტულს, რომელიც მიუძღვნა ფაშიზმის მსხვერპლებს.
ფინალური სცენა - მოაგორებენ ათობით დაჟანგებულ როიალს, და ამ დროს გამოყავთ თოჯინა, მარიონეტად გცეული, განადგურებული შოსტაკოვიჩი, რომელსაც მკერდზე იწვენს დედა სამშობლო (დიდი გაბერილი თოჯინა) და ეცემა ძირს მასთან ერთად.
იმ თემებთან ერთად რაც მე უკვე აღვნიშნე, ეს სპექტაკლი იყო აღწერა იმისა, შეიძლებოდა თუ არა ადამიანს შეენარჩუნებინა ღირსება ისეთი მძიმე რეპრესიების დროს რა იმ ეპოქაში მძვინვარებდა.
                               




















No comments:

Post a Comment