ნანუკა სეფაშვილი
თბილისის 2013 წლის თეატრალური სეზონი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალით გაიხსნა, რომელსაც 19 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე სხვა და სხვა ქვეყნების დასები სტუმრობდა. სტუმრებმა ქალაქი უკვე დატოვეს, მაგრამ თბილისის თეატრები ჯერ კიდევ არ დაბრუნებია მუშაობის ჩვეულებრივ რიტმს. ამის მიზეზი კი კიდევ ერთი ფესტივალია - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, რომელიც 13 ოქტომბერს დაიწყო და 27 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძლდება. „საჩუქარი“ 1997 წლიდან არსებობს და მრავალწლიანი ტრადიცია აქვს. ბოლო რამდენიმე წელი სხვადასხვა მიზეზის გამო ფესტივალმა დროებით შეწყვიტა არსებობა, წელს კი საბედნიეროდ „საჩუქარი“ ისევ აღდგა და მაყურებელს საინტერესო პროგრამა მოუმზადა. სხვა მრავალ სპექტაკლთან ერთად ფესტივალის ერთ-ერთი განსაკუთრებული სტუმარი პიტერ ბრუკის სპექტაკლი „კოსტიუმია“ (Théâtre Des Bouffes Du Nord). სწორედ ის იყო წარმოდგენილი რუსთაველის თეატრში პირველ და მეორე საფესტივალო დღეს. დამდგმელი რეჟისორი პიტერ ბრუკი თბილისში ვერ ჩამოვიდა, თუმცა მაყურებელმა ფესტივალის გახსნაზე მისი ვიდეო მიმართვა იხილა, სადაც ბრუკი მოკითხვას უთვლიდა ქართველ ხალხს და იმედს გამოთქვამდა, რომ მომავალში აუცილებლად ჩამოვიდოდა ჩვენს ქვეყანაში.
სპექტაკლი „კოსტიუმი“ კენ თემბას, მოტობი მათლოტსის და ბარნი საიმონის მოტივებზეა აგებული. წარმოდგენა ცოლ-ქმრის ისტორიას გვიამბობს. სპექტაკლის დასაწყისში ჩვენს თვალწინ თითქმის იდეალური წყვილია. ფერადი რეკვიზიტებიც შესაფერის გარემოს და განწყობას ქმნის. მოულოდნელად ქმარს ცოლის (მატილდას) ღალატის შესახებ ატყობინებენ. ქალს უცნაური სასჯელი ელოდება - მეუღლე გადაწყვეტს, რომ კოსტიუმს, რომელიც მატილდას საყვარელს მათ სახლში დარჩა, ქალმა ისე უნდა მოუაროს, როგორც ცოცხალ ადამიანს - აჭამოს, დააძინოს, დრო და დრო კი სასეირნოდაც წაიყვანოს. ეს ერთი შეხედვით უწყინარი ‘თამაში’ დროთა განმავლობაში მატილდას მტანჯველ საქმიანობად გადაიქცევა და მის სიცოცხლესაც შეიწირავს. მიუხედავად ამბის სიმძაფრისა, წარმოდგენა საკმაოდ მსუბუქად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე იყო გათამაშებული.
სპექტაკლს ცოცხალი მუსიკა აფორმებდა. მთავარი როლის შემსრულებლები კი ხშირად საკუთარ ემოციებს სიმღერით გადმოსცემდნენ.
მსახიობებმა მოულოდნელად წარმოდგენაში მაყურებელიც ჩართეს და სამი მათგანი სცენაზე აიყვანეს. სპექტაკლის დასასრულს კი მათ ისევ სცენაზე უხმეს და დარბაზის ხანგრძლივი ტაში მათთან ერთად გაიზიარეს.
აპლოდისმენტები დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა მაგრამ, ვფიქრობ, რომ მაყურებლის აღფთოვანება გამოიწვია არა იმდენად სპექტაკლმა, რამდენადაც თავად ფაქტმა, რომ ეს პიტერ ბრუკის სპექტაკლი იყო. ფესტივალის გახსნის მისია ალბათ უფრო მეტად „გრანდიოზულ“ წარმოდგენას უნდა ეტვირთა, ვიდრე „კოსტიუმი“ იყო, თუმცა თავისთავად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია რომ პიტერ ბრუკის შემოქმედების გაცნობის საშუალება ქართველ მაყურებელსაც მიეცა.
„საჩუქარი“ მაყურებელს ორი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს. შემდეგი სტუმარი კი დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორია და მეიერხოლდის ცენტრია სპექტაკლით - „კატია, სონია, პოლია, გალია, ვერა, ოლია, ტანია“ (რუსეთი). წარმოდგენა 16 ოქტომბერს თუმანიშვილის თეატრში გაიმართება.

No comments:
Post a Comment