ნანუკა სეფაშვილი
„საჩუქარი“ 27 ოქტომბერს ერთი წლით დაემშვიდობა მაყურებელს.
წელს ფესტივალმა საფრანგეთის, რუსეთის, შვედეთისა
და თურქეთის დასებს უმასპინძლა. იქიდან გამომდინარე, რომ ფესტივალი რამდენიმე წლიანი
პაუზის შემდეგ აღდგა, ეს ერთგვარი დიდი დაბრუნება უნდა ყოფილიყო. თუმცა, თუ ვიტყვი,
რომ ეს ნამდვილად ასე იყო, ალბათ გულწრფელი არ ვიქნები. სახელები, რომლებზეც აქცენტი
კეთდებოდა, მათმა ნაწილმა გულგატეხილი დატოვა მაყურებელი. ვგულისხმობ მამა-შვილ ბრუკებს.
სამაგიეროდ, დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორიის მიერ წარმოდგენილი თითოეული სპექტაკლი სრული
ანშლაგით მიმდინარეობდა. მათ არა ერთი ან ორი, არამედ ოთხი სპექტაკლი წარუდგინეს მაყურებელს.
თითოეულ სპექტაკლს კი ორ-ორი დღე ეთმობოდა. ოთხივე სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი თავად
დიმიტრი კრიმოვია. წლევანდელ ფესტივალს შეიძლება კრიმოვის ლაბორატორიის ფესტივალიც
კი ვუწოდოთ, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ეს დასი იყო ფესტივალის ლიდერი, როგორც
მაყურებელთა დასწრებით ასევე სპექტაკლების რაოდენობითა და საფესტივალო დღეების ოდენობით.
ამ ოთხი სპექტაკლით მაყურებელს ასე თუ ისე ნათელი წარმოდგენა შეექმნა დასის შესახებ და მათი შემოქმედება საკმაოდ კარგად
გაიცნო. „კატია, სონია, პოლია, გალია, ვერა, ოლია, ტანია...“ - ლაბორატორია პირველად
ამ სპექტაკლით შეხვდა ქართველ მაყურებელს. შემდეგ კი მას მოჰყვა „ჟირაფის სიკვდილი“, „ოპუსი
N 7 ‘’ და „ ონორე დე ბალზაკი, ჩანაწერები მენდევიჩზე. ჩეხოვის
„სამი დის“ მიხედვით“. იმის გამო, რომ ბოლო ორი მათგანის ნახვა ვერ მოვახერხე, ამიტომ
მათზე ვერ ვისაუბრებ (თუმცა სპექტაკლზე დამსწრე მაყურებელთა შთაბეჭდილებებით თუ ვიმსჯელებთ,
„ოპუსი N 7“ ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
სპექტაკლი იყო, რომელმაც ხალხის აღფრთოვანება გამოიწვია). რაც შეეხება „კატია, სონია,
პოლია, გალია, ვერა, ოლია, ტანია...“-ს, სპექტაკლი
მართლაც საინტერესო იყო. დიმიტრი კრიმივის ლაბორატორია ძლიერი მსახიობებითაა დაკომპლექტებული,
თითოეული ქმნიდა დასამახსოვრებელ და გამორჩეულ სცენურ გმირს. სპექტაკლის ზოგიერთი ეპიზოდი განსაკუთრებით კარგად დადგმული
და მაყურებლისთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ეს ყველაფერი კი რეჟისორის ფანტაზიისა და კარგი სამსახიობო ანსამბლის შედეგია. ასევე საინტერესო
იყო „ჟირაფის სიკვდილი“-ც, თუმცა არა იმდენად როგორც „კატია, სონია, პოლია, გალია,
ვერა, ოლია, ტანია...“. პიესის შინაარსიდან გამოდინარე, სპექტაკლი მინიმალისტურად იყო
გადაწყვეტილი.